(ACCnews) “თავის მოწონებამ და კეკლუცმა, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, გააჩინა კითხვები – უნდა გამოვიდეს მთავრობა და ღიად თქვას, რომ სანქციებზე მიერთებული ვართ,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
“კარგია, რაც დღეს პრემიერმა თქვა. თუმცა გაუგებრობა გამოიწვია, მისმა განცხადებამ, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს. ბუნებრივია, იქ სადაც საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული, თვითდაზიანება იქნება სანქციებზე მიერთება, ეს ყველას ესმის და არავინ სთხოვს საქართველოს დამატებით სანქციებს, მაგრამ ტექნოლოგიების ნაწილში, ორმაგი დანიშნულების ტვირთების ნაწილში და ა.შ ღიად უნდა გამოვიდეს მთავრობა და თქვას, რომ სანქციებზე მიერთებული ვართ და არანაირი ორმაგი დანიშნულების ტვირთები არ გადის საქართველოდან რუსეთში. დაგვიანებულიც კია ეს განცხადება, უფრო მეტი სიცხადე უნდა ყოფილიყო. თავის მოწონებამ და კეკლუცმა, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, გააჩინა კითხვები,” – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე, სადაც საუბარია საქართველოში ე.წ. “შავ ხვრელზე” დღეს პრემიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, “ჩემთვის უკრაინის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადების მოსმენა სამწუხარო იყო – საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მით უმეტეს, აბსურდულია ბრალდება, რომ ამაში მთავრობაა ჩართული”.