(ACCnews) მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ქონება დააყადაღეს. იგორ დოდონი, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, ირწმუნება, რომ ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. მის შესახებ მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
„ეს ყველაფერი საპნის ოპერაა. მათ სურთ, ყოველდღე გააკეთონ ტელეგადაცემა დოდონის საქმეზე.
ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ამ პროპაგანდისტული სპექტაკლის ერთ-ერთი ელემენტია იმ ობიექტების დაყადაღება, რომლებიც მე არ მეკუთვნის ან ბანკშია ჩადებული“, – განაცხადა დოდონმა.
მოლდოვის პროკურატურის ცნობით, დაყადაღებულია დოდონის სახლი კიშინიოვში, ოთხი ავტომობილი და მიწის ნაკვეთები.
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 24 მაისს დააკავეს. მას 30 დღით შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. მას ბრალად სდებენ პასიურ კორუფციაში, პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად სახსრების დანაშაულებრივი ორგანიზაციის მხრიდან მიღებაში, უკანონო გამდიდრებასა და სახელმწიფო ღალატში. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე გალინა დოდონს კი, ერთ-ერთ კორუფციულ საქმეში თანამონაწილეობას ედავებიან.