(ACCnews) უკრაინული მედიის ცნობით, მიკოლაევის ოლქში რამდენიმე სამოქალაქო მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრები იყო. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.
„მიკოლაევში ჩვენმა ქვედანაყოფებმა აღმოაჩინეს რამდენიმე სამოქალაქო მანქანა დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით. ტექნიკის დაზიანება, წინასწარი მონაცემებით, მოწმობს დანაღმულ ზონაში მანქანების აფეთქებას და ასევე, კოლონის დაბომბვას. როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ევაკუაცია სცადა, ოკუპანტებმა ჯერ მათ აჩვენეს გზა დანაღმული ტერიტორიის გავლით, შემდეგ კი დახვრიტეს ისინი, ვინც აფეთქების შემდეგ გადარჩნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.