(ACCnews) “თუ უკრაინა დაეცემა და დასავლეთი დაიღუპება, გამარჯვებული იქნება არა პუტინის რუსეთი, არამედ სი ძინპინის ჩინეთი”, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ნაციონალისტური პარტია „იტალიელი ძმების“ ლიდერმა, ჯორჯია მელონიმ ბიზნესფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ომი არის კონფლიქტის აისბერგის მწვერვალი, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო წესრიგის შეცვლას.
„ვინც ყველაზე სუსტია დასავლეთში, კერძოდ, ევროპაში, რისკავს აღმოჩნდეს ჩინეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მელონიმ.
ცნობისათვის, ჯორჯია მელონი ლიდერობს უდიდეს პარტიას მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსში, პარტია „ლიგასთან“ და სილვიო ბერლუსკონის „წინ იტალიასთან“ ერთად. 25 სექტემბერს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.