(ACCnews) Associated Press-ის ვიდეორეპორტიორი, მსტისლავ ჩერნოვი, აქვეყნებს 9 მარტს მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის უწყვეტ და დაუმუშავებელ ვიდეოკადრებს.
ცნობისათვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
მარიუპოლი აზოვის ზღვაზე მდებარე საპორტო ქალაქია, რომელსაც თვეზე მეტია რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. ყველაზე მძიმე სურათი მარიუპოლშია, სადაც მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. დაღუპულების ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება. მარიუპოლის მერი და მისი მოადგილე აცხადებენ, რომ ქალაქში არსებული ვითარება გაუსაძლისია და მოქალაქეები გაუწყლოებით იღუპებიან.
მარიუპოლი მდებარეობს დონბასის რეგიონში, სადაც მოსკოვის მხარდაჭერილი სეპარატისტები რვა წლის განმავლობაში ებრძვიან უკრაინის სამხედროებს. ქალაქის დაკავება რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულზე სახმელეთო დერეფანს მისცემს.