(ACCnews) “სიტყვა „გენოციდი“ იურისტების მიერ უნდა იყოს განსაზღვრული და არა პოლიტიკოსების მიერ,” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა France Bleu-თან ინტერვიუში განაცხადა.
ემანუელ მაკრონის თქმით, სიტყვებთან აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, ესკალაცია თავიდან იყოს აცილებული.
„სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და აუცილებელია, იყო ფრთხილი, რადგან ჩემი როლია, შევეცადო მშვიდობის დამყარება ან სულ მცირე ამ ომის დასრულება, შესაბამისად, ნებისმიერ ფასად ესკალაციის თავიდან აცილება და საფრანგეთისა და ფრანგების დაცვა ომის გაგრძელებისგან“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ეს გენოციდია, მაშინ სახელმწიფოები, რომლებიც ამას გენოციდად მიიჩნევენ, საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად უნდა ჩაერიონ.
შეგახსენებთ, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის ქმედებების გენოციდად შეფასებაზე განაცხადა: „ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი – რუსები და უკრაინელები, ძმები არიან“.
ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ამასთან, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.