(ACCnews) საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს სურს, საბერძნეთსა და თურქეთთან ერთად უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დარჩენილი ადამიანების ევაკუაცია განახორციელოს.
“მარიუპოლში უმნიშვნელოვანეს ჰუმანიტარულ ოპერაციას ვიწყებთ. ეს ოპერაცია თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად ჩატარდება და მისი მიზანი მარიუპოლიდან ყველა მსურველის ევაკუაცია იქნება. ყველაფერი საუკეთესო დონეზე იქნება განხორციელებული. გვქონდა კონკრეტული საუბარი მარიუპოლის მერთან. უახლოეს 48 საათში ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც ვისაუბრებ,” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 30 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.