(ACCnews) “რუსეთი ბოლო იმედს კარგავს, დააფრთხოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან. აქედან მოდის საუბარი მესამე მსოფლიო ომის „რეალური“ საფრთხის შესახებ,”– ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბირთვული და მესამე მსოფლიო ომის საფრთხე რეალურია.
როგორც კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.
“ეს ნიშნავს, რომ მოსკოვი გრძნობს მარცხს უკრაინაში. ამიტომ მსოფლიომ კიდევ მეტად უნდა დაგვიჭიროს მხარი, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და დავიცვათ ევროპული და გლობალური უსაფრთხოება“, – წერს კულება.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია. როგორც ლავროვმა აღნიშნა, “ბირთვული იარაღის გამოყენების მსურველი ცოტა არ არის.”