(ACCnews) “დაგვეხმარეთ ამ ბოროტების შეჩერებაში ახლა ან გარისკეთ, როგორ გამოცდის პუტინი ნატო-ს მეხუთე პუნქტს მოგვიანებით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
კულება მოკავშირეებს სრული მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „პუტინის არგაღიზიანების პოლიტიკამ“ წარსულში კრახი განიცადა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთის შესაცერერბლად უფრო მკაცრი სანქციების გამოყენებაა საჭირო.
„ერთადერთი გზა, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთის ომი უკრაინის მიღმა, არის ჩვენთვის სრული მხარდაჭერის წარმოდგენა. მაქსიმალური სანქციების დაწესება. ყველა იარაღის მოწოდება. „პუტინის არგაღიზიანების პოლიტიკამ“ კრახი განიცადა წინა წლებში. დაგვეხმარეთ ამ ბოროტების შეჩერებაში ახლა ან გარისკეთ როგორ გამოცდის პუტინი ნატოს მეხუთე პუნქტს მოგვიანებით“,- განაცხადა დმიტრო კულებამ.
ამასთან, კულება ვროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის წარმოდგენას გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოხატა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, სწორედ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება და ყველა რუსული ბანკის SWIFT-ის პროგრამიდან გარიცხვა იქნება საჭირო პუტინის შესაჩერებლად.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.