(ACCnews) “ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დასავლეთი სანქციებსა და იარაღზე აღარ უნდა ყოყმანობდეს,” – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კულება აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე მოკავშირეს მიაჩნია რომ დაწესებული სანქციები ზედმეტად მკაცრია, ეს უკრაინაში გაღებული მსხვერპლის ღალატი იქნება.
„ბუჩას ხოცვა-ჟლეტამ უნდა მოხსნას დასავლეთში ნებისმიერი ყოყმანი და სურვილის არქონა უკრაინისთვის ყველა საჭირო ტიპის იარაღის, მათ შორის თვითმფრინავების, ტანკების, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და ჯავშანტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის დასაცავად და რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად. ეს ასევე ეხება სანქციებს. თუ რომელიმე ჩემი კოლეგა ევროპიდან ან ოკეანის მიღმა, შეეცდება მითხრას, რომ ზოგიერთი სანქცია შეუსაბამო ან ზედმეტად მკაცრია და არ უნდა იყოს დაწესებული, მაშინ მე ამას მივიჩნევ ბუჩას და სხვა ქალაქებისა და სოფლების მსხვერპლთა ღალატად“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
კულებას თქმით, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებელია, ვინაიდან რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი დანაშაული თავიდან იყოს აცილებული და მშვიდობიანი მოქალაქეები გადარჩნენ.
„ბუჩას ხოცვა-ჟლეტა წარმოადგენს მოვლენას, რომელმაც უნდა შეცვალოს სიტუაცია იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა გააგრძელოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭე. მე ვაფასებ იმას, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა უკვე გააკეთეს. ზოგიერთმა მათგანმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე წარმოიდგენდნენ ომის დაწყებამდე. მე მათი ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. თუმცა, ომი გრძელდება და უკრაინის კიდევ ბევრი ქალაქი და სოფელი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში რჩება რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ და ჩვენ არ ვიცით, რა ხდება იქ. ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე გასაოცარს. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ აუცილებელს, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და თავიდან აიცილოთ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი დანაშაული და გადავარჩინოთ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 41 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.