(ACCnews) “პარლამენტში დეპოლარიზაციის კომისია შექმნეს, მაგრამ თუ გამოსვლებს მოვუსმენთ, ჩანს, რომ ისინი პოლარიზაციის ტემპერატურის აწევას ცდილობენ”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს.
როგორც კუბილიუსი აცხადებს, მმართველი პარტია ისე მოქმედებს, თითქოს მათ არ ესმით, რას გულისხმობს ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12-პუნქტიანი პირობა.
„ისე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობაში, მმართველ პარტიაში არ ესმით, ან, თავს ისე აჩვენებენ, რომ არ ესმით, რას გულისხმობს ევროკომისიის 12 პუნქტი.
მაგალითად, პირველი პუნქტი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას მოახდინონ პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაცია და იმოქმედონ შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად. თუმცა ჩანს, რომ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს.
პარლამენტში დეპოლარიზაციის კომისია შექმნეს, მაგრამ თუ გამოსვლებს მოვუსმენთ, ჩანს, რომ ისინი პოლარიზაციის ტემპერატურის აწევას ცდილობენ, ადანაშაულებენ რა ყველას მათ გარშემო, არა მხოლოდ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, თითქოს ჩვენ ვუბიძგებთ საქართველოს ომისკენ, რაც არის ტოტალური არც კი ვიცი, რა სიტყვა გამოვიყენო ამ სისულელისთვის. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე ყველაფერში. ახლა საქართველოს მმართველი პარტია ამბობს მსგავს რამეებს. შეიძლება ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა ამ ანგარიშით და ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს 12 პუნქტი, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, მათ ეს არ ესმით“, – აღნიშნა კუბილიუსმა.
მისი თქმით, ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო და ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში ბიძინა ივანიშვილია.