(ACCnews) “აშშ-ის თბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე”, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი “ამერიკის ხმასთან”.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ამერიკის მიმართ სულ უფრო უარესი ხდება.
კრამერი ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თავდასხმას სენატორ შაჰინზე და თქვა:
“[სენატში გამოთქმული კრიტიკით შექმნილ] სიტუაციას ვერ დაეხმარა ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, სენატორ შაჰინს უწოდა რაღაც, რაც უხეშად, როგორც ვიცი, ითარგმნება როგორც „კახპა“. ასე მოიხსენიო წამყვანი ამერიკელი სენატორი, არ არის მთლად მეგობრული ჟესტი. განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრის მხრიდან. ჩემი აზრით, ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება და ის სულ უფრო ანტიამერიკული მიმართულებით მიდის. ეს კარგა ხანია ასეა, მაგრამ თბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე”, – თქვა დევიდ კრამერმა.
ცნობისთვის, “ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. ზარქუამ კომენტარი მაშინ გააკეთა, როცა სენატორ შაჰინის განცხადება შეაფასა, სადაც მან თქვა, რომ საქართველოში რეფორმების პროცესი ჩავარდნილია და დემოკრატია გაუარესებული.
მოგვიანებით ზარქუამ განცხადება განმარტა და თქვა, რომ კომენტარის გაკეთებამდე ის ჟურნალისტებთან “სხვა კონტექსტში ხუმრობდა”.