(ACCnews) ევროპული არჩევანის მხარდამჭერ აქციას „შინ ევროპისაკენ” საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიგო კოლა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუშინდელმა დღემ აჩვენა ხალხის დიდი მობილიზება და მათი შეუპოვრობა.
ელჩის თქმით, ქვეყანამ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის უნდა შეასრულოს ის დავალებები, რაც ევროკომისიამ გაწერა.
“ჩვენ გვაინტერესებს, რას იტყვის ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელი მშვიდობიანი, კანონიერი პროტესტი, ქმედება იყო ძალიან საინტერესო და აჩვენა ხალხის დიდი მობილიზება და მათი შეუპოვრობა. ჩემი აზრით, შეთავაზებებზე არსებობს გარკვეული იმედი მობილიზაციისა და ოპტიმიზმისთვის, რადგან არსებობს აღიარება ევროპული პერსპექტივის და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ.
არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი რეფორმებისთვის, თუ როგორ უნდა წახვიდეთ წინ. ეს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური შედეგია. მოულოდნელი არ არის, რომ ევროკავშირს აქვს გარკვეული მოლოდინები და ეს არ არის მოულოდნელი. ამიტომ რისი ხილვაც გვინდა, არის მობილიზაცია და შეუპოვრობა წინსვლისთვის და სწორედ ეს ვიხილეთ გუშინ,”-აცხადებს დიგო კოლას.
ცნობისათვის, შეგახსენებთ, გუშინ თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქცია „სირცხვილიასა“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით გაიმართა. შეკრებილ ხალხს სიტყვით ევროპარლამენტის წარმომადგენლებმაც მიმართეს. აქციაზე არ გამოჩენილან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები.