(ACCnews) ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, რომელიც პრემიერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ღარიბაშვილის დაწერილს არ ჰგავს. წერილის ავტორთან დაკავშირებით ხუხაშვილი რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს.
„პირადი ურთიერთობის ჩემი “მდიდარი” გამოცდილებიდან გამომდინარე, გაგიზიარებთ დასკვნას დღევანდელ წერილთან დაკავშირებით:
გამორიცხულია ღარიბაშვილს ეს წერილი დაეწერა, რადგან მისი ლოგიკური ჯაჭვი მაქსიმუმ სამ მოქმედებიანია და ამდენ ინფორმაციას ვერ დაიტევდა.
წერილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის სტილისტიკაშია დაწერილი – გრძლად და მოიცავს ბევრ დეტალს და ისტორიას. ასე წერა მხოლოდ მას უყვარს და შეუძლია. აქედან დასკვნა:
1. მისი დაწერილია და ღარიბაშვილის სახელით გამოქვეყნდა, კობახიძის და ყაველაშვილის არ იყოს.
2. ღარიბაშვილმა დაიქირავა სპიჩრაიტერები, რომლებმაც მაქსიმალურად მიამსგავსეს ბიძინას სტილს იმისათვის, რომ:
ა) ტექნიკურად “ემხილა” ბიძინა და დასავლეთისთვის ეთქვა, რომ თვითონ “პლენშია”.
ბ) წერილი დაწერა პირადად ბიძინასთვის და მისგან თავდასაცავად – რამე ცუდი არ იფიქრო, ისევ შენი ბიჭი ვარო. მე პირადად 2ბ-სკენ ვიხრები“- წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულებები გამოხატა. განსაკუთრებული ყურადღება პრემიერმა დეოლიგარქიზაციის პრობლემაზე და ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის მიმართ ღვაწლზე გაამახვილა.