(ACCnews) იაპონიაში რუსეთის ელჩი, მიხაილ გალუზინი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ვლადივოსტოკში იაპონიის კონსულის დაკავებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონსულის დაკავება უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელი ქმედება იყო, რადგან მას არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია, ამასთან უწყება კონსულის დაკავებას და დაკითხვას საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევად აფასებს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, იაპონელი დიპლომატი აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან რუსეთის თანამშრომლობის მიმდინარე ასპექტების, დასავლეთის სანქციების პოლიტიკის ზეგავლენის და საზღვაო ტერიტორიაზე არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე საიდუმლო ინფორმაციის მიღებისას დააკავეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ დაკავებული იაპონელი დიპლომატი მოტოკი ტაცუნორი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და რუსეთის ტერიტორიის დატოვებისთვის 48 საათი მისცეს.