(ACCnews) “ჩატარებული ღონისძიებები და მოქმედებები არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ევროკავშირის და საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ნაყოფიერად თანამშრომლობენ” – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ერნესტ პეტერ ფიშერმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ქოლცენტრების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი და ევროპული გზა ევროპის კავშირისკენ.
„ეს არის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ჩატარებული ღონისძიებები და მოქმედებები არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ევროკავშირის და საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ასევე ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი და ევროპული გზა ევროპის კავშირისკენ, ჩვენ ამას ვუსურვებთ საქართველოს“, – აღნიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ბრიფინგზე.
ცნობისათვის, საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება, უცხო ქვეყნების და საქართველოს მოქალაქეების მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას ეხება.