(ACCnews) “უკრაინის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების “გაურკვეველი, არამკაფიო” პოზიცია ეჭვს იწვევს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმკმა “ფორმულასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
“მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ არ შეესაბამება იმას, რასაც გრძნობენ უბრალო ქართველები. მე მუდმივად ვესაუბრები ჩემს ქართველ მეგობრებს, მე ვიცი, როგორ უჭერენ მხარს [უკრაინას] მე ვიცი, რამდენი ქართველი იღებს მონაწილეობას, უშუალოდ იცავს უკრაინას. არიან გმირები, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიღუპნენ. რა თქმა უნდა, ისინი აქ იცავდნენ არა მხოლოდ უკრაინას, ისინი აქ იცავდნენ საქართველოს. მე მყავს მეგობრები, რომელთა ქართველი შვილები აქ წინა ხაზზე დგანან. ისინი დღეს ჩემს ქვეყანას იცავენ, ამასთან, ისინი არიან ქართველები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია უპირობოდ იწვევს ეჭვს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება – “რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?” ღარიბაშვილის სიტყვებითვე, “მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს”.