(ACCnews) “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, დადებითად გადაწყვიტოს ყოფილი პრეზიდენტისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხი.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და უმოქმედობა, რომელიც ნაცვლად ხელისუფლების ვალდებულებების გააზრებისა ატარებს პოლიტიკურ ოპონენტზე შურისძიების სახეს.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აკმაყოფილებს საქართველოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მინიმუმ განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძვლებს. კონსილიუმის დასკვნა მიუთითებს მიხეილ სააკაშვილისადმი საქართველოს ფარგლებში გაწეული მკურნალობისთვის ყველა რესურსის ამოწურვის ფაქტსა და მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად მკურნალობის ალტერნატიული საშუალებების, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგრძელების საჭიროებაზე”, – წერს GDI.
GDI წერს, რომ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის ინტერესებით.