(ACCnews) “ჩვენ ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, მაგრამ გადავიტანთ ამ ზამთარს. ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი რუსეთისთვის გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ჩვენთვის”– ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი რუსეთს ნავთობისა და გაზის მოწოდების საკითხში სანდო პარტნიორად ვერ განიხილავს ამიტომ ევროპას აქვს დასახული, განახლებად ენერგიაზე გადავიდეს.
„დიახ, მართალია, ჩვენ ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს. რუსეთი ნავთობისა და გაზის დიდი მომპოვებელი და ექსპორტიორია და თავდასხმითი ომის დაწყების გამო ჩვენ სანქციის სახით გადავწყვიტეთ, ძლიერ შევამციროთ და პერსპექტივაში ნულამდე დავიყვანოთ რუსეთისგან ნავთობისა და გაზის მიღება. ეს წიაღისეული ენერგომატარებლების კრიზისია და ჩვენ ევროპასა და გერმანიაში ისედაც მიზნად გვაქვს დასახული, გავთავისუფლდეთ წიაღისეული ენერგომატარებლებისგან და განახლებად ენერგიაზე გადავიდეთ.
ახლა შოკი გვაქვს, მომწოდებელთა შოკი, რადგან რუსეთი, როგორც მომწოდებელი გამოირიცხება. ეს ძალიან რთულია გერმანიისთვის და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, რადგან ჩვენ ზედმეტად ვენდობოდით რუსეთს, როგორც სანდო პარტნიორს ნავთობისა და გაზის მოწოდების საკითხში. ომის წარმოების გამო ჩვენ ვთქვით, რომ ვეღარ განვიხილავდით რუსეთს სანდო პარტნიორად. ენერგიის ფასები ჩვენთან ახლა ძალიან გაძვირდა. გერმანიაში გვაქვს ე.წ. განტვირთვის პაკეტი, რომლის თანხამ წელს 200 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს უნდა მოხმარდეს მოსახლეობას, რომელსაც დახმარება სჭირდება ბინების, სკოლების, საჯარო შენობების და ა. შ. გასათბობად, რათა ეს ზამთარი გადავიტანოთ და ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს. ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი რუსეთისთვის გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ჩვენთვის, რადგან ის მთლიანად ამ ექსპორტზეა დამოკიდებული და ჩვენ მისი მთავარი იმპორტიორები ვართ. ამ შედეგებს რუსეთი მძიმედ შეიგრძნობს და სანამ იგი ამ ომს აწარმოებს, ჩვენ აღარ ვაპირებთ მისგან მეტი ნავთობისა და მეტი გაზის ყიდვას. რუსეთი თავის წიაღისეულ ენერგომატარებლებთან მარტო დარჩება“, – განაცხადა ფიშერმა.