(ACCnews) პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ევროკავშირს მოუწოდებს, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრის სტატუსი მიანიჭოს. – შესაბამის განცხადებას გიორგი გახარია სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
“არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში და როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, დღეს ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ბედი წყდება.
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის იდეის აღსრულებისთვის.
ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, მის ფარგლებს გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ჩვენმა სამშობლომ ამისთვის ფასი უკვე არაერთხელ გადაიხადა”, – წერს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი კი 11 აპრილს გადაეცა.