(ACCnews) ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის დანიშვნის განკარგულება შეაჩერა რუსეთთან კონსულტაციების დასრულებამდე. – ამის შესახებ ნათქვამია გაგლოევის მიერ ხელმოწერილ განკრაგულებაში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის გზების შესახებ“.
ახალი განკარგულების თანახმად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე,წ, პრეზიდენტი სრულად უჭერს მხარს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მომდევნო ინტეგრაციის ინიციატივას“, თუმცა გასცემს განკარგულებას, დაყოვნებლივ გაიმართოს კონსულტაციები მოსკოვთან მომდევნო ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების მთელი კომპლექსის შესახებ. ხელმოწერილ ე.წ. განკარგულებაში გაგლოევი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ცალმხრივი გადაწყვეტა პრობლემების, რომლებიც ეხება რუსეთის კანონიერ უფლებებსა და ინეტერსებს. ამავე განკარგულებით დამტკიცდა დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც რუსეთთან კონსულტაციებს გამართავს. რუსეთის შემადგენლობის შესვლის შესახებ ე.წ. რეფენდუმი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 17 ივლისს იყო დანიშნული.
რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოაწერა ხელი. ბიბილოვი ამტკიცებდა, რომ ცხინვალს ამ მიზნის რეალიზების შესაძლებლობა ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, როდესაც ყირიმი რეფერენდუმის შედეგად რუსეთთან გაერთიანდა, მაგრამ მაშინ ეს ვერ განხორციელდა.