(ACCnews) გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ძალიან მჭიდროდ იმუშავებს საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხში.
რაც შეეხება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ კითხვას, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა პროგრესის შეფასება.
“დღეს, გერმანიის გაერთიანების დღეს აღვნიშნავთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენი ქართველი მეგობარი შეიკრიბა აქ. გერმანია იმუშავებს ძალიან მჭიდროდ საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხში. ის, რისი გაკეთებაც გვჭირდება, არის ბევრი კონკრეტული პროექტი პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში, გარემოს დაცვის, კულტურის სფეროებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებული პროექტები. ეს არის გზა ევროპისკენ. მთავრობასა და პარლამენტს აქვთ ძალიან ამბიციური საკანონმდებლო დღის წესრიგი, თუმცა ჩვენ უნდა ვნახოთ შედეგი. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, დემოკრატიული და პლურალისტური, თუმცა რაც მთავარია, შედეგი უნდა იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.