(ACCnews) ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერი განცხადების პროექტი შეიმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მოუწოდებენ ევროკავშირს, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ.
„პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში, ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა, თუმცა მოლდოველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან, ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადების პროექტში.