(ACCnews) “ევროკავშირი გეგმავს გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა ცენტრალურ აზიასთან. მათ შორის იგეგმება რუსეთის შემოვლითი ახალი სატრანსპორტო არტერიების მშენებლობა”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელმა აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ცდილობენ სავაჭრო ურთიერთობების და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას და ამისთვის ევროკავშირის პარტნიორობას განიხილავენ.
„ევროკავშირმა უნდა ააშენოს სატრანსპორტო დერეფნები ცენტრალურ აზიაში რუსეთის გვერდის ავლით. ჩვენი ცენტრალური აზიელი პარტნიორები ცდილობენ თავიანთი პარტნიორობის გაძლიერებას. ისინი ევროკავშირს ხედავენ საუკეთესო პარტნიორად. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ ბევრად მეტი კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში.
ურთიერთობები უნდა განვითარდეს და მუდმივად განახლდეს ახალი გარემოებების ფონზე. ამ დღეებში ცენტრალური აზია გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური კუთხით მოვლენების ცენტრშია“, – აცხადებს ბორელი.
მისი აზრით, ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს კავშირები ცენტრალურ აზიასთან და გამოიყენოს ეს უზარმაზარი პოტენციალი.
„ენერგეტიკის, კრიტიკული ნედლეულის და ახალი სატრანსპორტო დერეფნების მიწოდების თვალსაზრისით, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე, ევროკავშირი ასეთ ცვლილებებით დაინტერესებულია” – დასძინა ბორელმა.