(ACCnews) აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო რუსეთისა და ბელარუსის 120 ორგანიზაციის მიმართ ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
აშშ–ში მიიჩნევენ, რომ ეს ორგანიზაციები „ეროვნული უსაფრთხოების ან აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ“.
სიაში მოხვდნენ ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან თავდაცვის, აერონავტიკისა და საზღვაო სექტორთან. მათ შორისაა ოპტიკური და ფიზიკური გაზომვების რუსული კვლევითი ინსტიტუტი, “მოსელექტრონპროექტი”, „ზვეზდას“ გემთმშენებელი ქარხანა, ჟუკოვსკის სახელობის ცენტრალური აეროჰიდროდინამიკური ინსტიტუტი და სხვა.
გარდა ამისა, სიაში შედის ბელარუსის “კგბ”-ს განყოფილება “ალფა” და ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს. ფინანსურმა იზოლაციამ უკვე იქონია გავლენა ვალუტაზეც, რუსული რუბლი რეკორდულად უფასურდება.
ეკონომიკური სანქციების გარდა, დასავლეთმა რუსი სპორტსმენები შეჯიბრებიდან დაბლოკა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა პროპაგანდისტული მედია, ასევე, ოლიგარქები.