(ACCnews) ქალაქ ხარკოვისთვის ბრძოლა მოგებულია – ვრცელდება პირველი კადრები თუ როგორ მიაღწია უკრაინის არმიამ რუსეთის საზღვრამდე ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით და საზღვრის მანიშნებელი აღმართა!
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საზღვართან ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონი მივიდა.
შეგახსენებთ, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, მან უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა უკრაინის “დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას”.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.