(ACCnews) “ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ,” – განაცხადა “ეროვნული პლატფორმის” წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლითაც “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი” იქმნება.
მისივე თქმით, ეს კანონი შეიძლება გახდეს საფუძველი კანდიდატის სტატუსზე უარის და ამის თაობაზე სხვადასხვა შეხვედრაზე ითქვა, მათ შორის, ქვეყნის პარტნიორებისგან.
“მთელი სულისკვეთება ამ კანონის არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება სხვა ინტერესებს ემსახურება და არა საქართველოს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს, ეს არის ძალიან მავნე, აბსოლუტურად მიუღებელი იდეა, ეს არის ტყუილი. სამოქალაქო საზოგადოება ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის, ყველა ფორმატში, მათ შორის პარლამენტშიც, რომ კარგად ავხსნათ, რატომ არის ეს კანონი ცუდი, სახიფათო ევროპული ინტეგრაციისთვის და აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის პარტნიორებისგან მოვისმინეთ, რომ ამ კანონმა შეიძლება დააზიანოს და მართლა შეიძლება გახდეს ერთ – ერთი საფუძველი კანდიდატის სტატუსზე უარის, რაც კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის. დაუშვებელია დღეს ქვეყანამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლის სტატუსის მიღებას,” – განაცხადა ტუღუშმა.
ცნობისთვის, “ხალხის ძალის” დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით” უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
ამასთან, “ხალხის ძალა” პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს – ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს.