(ACCnews) საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ქართველ ხალხს “დედა ენის” დღეს ქართულად ულოცავენ.
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
“1978 წლის 14 აპრილს, ქართველი ხალხი საკუთარი ენის, კულტურისა და ღირებულებების დასაცავად საბჭოთა ოკუპანტებს წინ აღუდგა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ქართული ენის ოფიციალური სტატუსის გაუქმებით დაიმუქრა, ათობით ათასი ქართველი საპროტესტო სვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქალაქის ცენტრში, პარკისკენ გაემართა. ეს პარკი დღეს „დედა ენის” სახელს ატარებს, როგორც სიმბოლო სიმამაცისა, ქართული ენის უძლეველობისა და ქართველი ხალხის ურყევი დამოუკიდებლობისა.
1978 წლის დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო. ამას მალევე მოჰყვა აქციები სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 1991 წელს ამ უწყვეტმა იმპულსმა საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფ ბევრ ქვეყანას თავისუფლება მოუტანა. 30 წლის წინ, ამერიკელი ხალხი დადგა ყველას გვერდით, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობის, უნიკალური კულტურისა და ენის დასაცავად.
დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა შეწინააღმდეგებოდნენ აგრესიას და თავგანწირვით ებრძოლათ საკუთარი კულტურისა და ღირებულებების დასაცავად. ჩვენ კვლავ ვხედავთ მოსკოვის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ, როდესაც გლობალური საზოგადოება რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგას, ჩვენ ვიხსენებთ ქართველი ხალხის გმირულ საქციელს საკუთარი ენის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და თქვენი მომავლისა და პარტნიორების თავისუფლად არჩევის მხარდასაჭერად” – აღნიშნული ტექსტი აშშ-ის საელჩომ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ასევე შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის ვიდეოა გამოქვეყნებული.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. საბოლოოდ დედაქალაქის მთავარ გამზირზე თითქმის 100 000 მოქალაქე შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.