(ACCnews) მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა. ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური („ეფ-ეს-ბე”) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის.
„ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე. მისი ავტორი ალბათ ვერ ხედავს, რომ აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს. ძალიან საშიშია, როდესაც ხდება კონსტიტუციური ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა და შესუსტება. არ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო იმ საკითხზე, რაზეც უკვე მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი, რომ თითქოს აშშ ან ვინმეს ომისკენ მიჰყავს საქართველო. აშშ-ს არ უნდა ომი და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ომი არ გაგრძელდეს და დამთავრდეს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა NATO-ს სამიტზე, მადრიდში კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რაც არის მიმართული იმისკენ, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომი. (ეს, საუბარია ყაველაშვილის წერილზე) მართლაც უცნაურია და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, პარლამენტარის ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც, ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ამაზე უკვე ბევრჯერ ითქვა და დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია, რომ ეს არის სიცრუე და არ შეეფერება სიმართლეს.” – განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რაც მმართველი პარტია დატოვა სამმა დეპუტატმა (ყაველაშვილი, სუბარი, ხუნდაძე), ამის შემდეგ, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური („ეფ-ეს-ბე”) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის.