(ACCnews) “მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, აუცილებელია დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება.
“მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, იღებდეს იმ სამედიცინო დახმარებას, რაც ესაჭიროება და დაცული იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესით უზრუნველყოფის უფლება. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა,” – განაცხადა ელჩმა და დასძინა რომ “სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს ადამიანის ძირითადი უფლებების მიხედვით, პირადი ინფორმაციისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით.”
ცნობისთვის, გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა “ვივამედიდან” მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა.