აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახალი დირექტორის ჯონ პენელის წარდგენის შემდეგ მედიასთან საუბარში სააგენტოს მიერ 30 წლის განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
მანვე განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილთან ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების როლზე და „სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგ თავდასხმაზე“, რომელიც „განსაკუთრებულად გასაკვირი იყო, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, ვინც მთავრობაში მოსვლამდე მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოებაში, იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოება კრიტიკულ როლს თამაშობს ჯანსაღ დემოკრატიაში“.
კელი დეგნანის განცხადებით „ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან უკუკავშირის მოსმენა, თუმცა ეს არის მათი როლი, როლი დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება“.
აშშ-ის ელჩის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების „ამოცანა არ არის მთავრობისთვის მუშაობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის მუშაობა“ და მისი სიტყვებით „საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ძალიან პროფესიონალი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებს“ და დასაფასებელია მათი ყოველდღიური საქმიანობა. კლანური ინტერესით არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო კომისიებში არ ჩართეს.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდმოარემ ირაკლი კობახიძემ 27 სექტემბერს პირდაპირ არ უპასუხა კითცავს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს სახალხო დამცველის იმ სამი კანდიდატიდან რომელიმეს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს. კობახიძის თქმით, მათ კანდიდატები კლანური პრინციპებით შეარჩიეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” არ ჩართეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების სამუშაო ჯგუფში. საკანონმდებლო და ადამიანის უფლებებზე მომუშავე მრავალწლიანი გამოცდილების არასამთავრობო ორგანიზაციებს მეორე ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის სურვილში ადანაშაულებენ.
რადიო თავისუფლება