(ACCnews) დასავლური მედია რუსეთის დაზვერვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი ყოველკვირეულად იზრდება.
რუსული დაზვერვის ანონიმურმა პირმა აღნიშნულზე წერილები დევნილობაში მყოფ რუს აქტივისტსა და უფლებადამცველი ჯგუფის Gulagu.net-ის დამფუძნებელს, ვლადიმირ ოსეჩკინს მიწერა.
ბრიტანული Times-ის ცნობით, რუსული დაზვერვის აგენტები მათზე დაწესებული სანქციების გამო პუტინის მიმართ ბრაზსა და უკმაყოფილებას გამოთქვავენ. იმის გამო, რომ მათ სანქციების გამო ბევრი შესაძლებლობა შეეზღუდათ, პუტინს ომის დაწყების გამო აკრიტიკებენ.
„20 წლის განმავლობაში პუტინი სტაბილურობას ქმნიდა რუსეთში. „ეფესბეს“ ოფიცრებმა, პოლიციელებმა, სახელმწიფო პროკურორებმა – იმ ადამიანებმა, რომლებიც სისტემაში არიან – შეძლეს კარგი ცხოვრება. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წავიდა. ისინი აღიარებენ, რომ ეს ომი კატასტროფაა ეკონომიკისთვის, კაცობრიობისთვის. მათ არ სურთ საბჭოთა კავშირში დაბრუნება,”- აღნიშნა დასავლურ მედიასთან ვლადიმირ ოსეჩკინმა.
მისი თქმით, “ყოველ კვირას და ყოველ თვეს, როცა ეს ომი გრძელდება, უსაფრთხოების სამსახურებში მყოფთა აჯანყების შესაძლებლობა იზრდება.”
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 29 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.