(ACCnews) „თუ პესკოვმა თქვა, რომ მათ უნდათ მოლაპარაკება, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას იარაღით” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ განაცხადა.
“მე არ მომისმენია პესკოვის კომენტარი იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ, ეს ბევრს არ უნდა ნიშნავდეს. ბევრჯერ მოგვისმენია ეს რუსეთისგან და ეს ძირითადად გულისხმობს უკრაინის სრულ კაპიტულაციას, რუსეთის ცალმხრივი პირობებით და არანაირი სურვილი არ არსებობს რეალური მოლაპარაკებების. მაგრამ, დასავლეთის სახელმწიფოები, ვგულისხმობ საფრანგეთსა და გერმანიას, დიდი ალბათობით, ამ მახეში გაებმებიან, რადგან მათ ამის დიდი სურვილი აქვთ. ყოველ კვირა გერმანული მედია აქვეყნებს ახალ წერილს – “უკან დავბრუნდეთ, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზა ვიპოვოთ” და ა.შ. შესაბამისად, თუ ისინი გაიგებენ პესკოვის მოწოდებას, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის დახმარება და მათ კიდევ უფრო მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ – მძიმე იარაღი, ტანკები და ა.შ. ყველაფერი, რაც კი შეგვიძლია, არა მხოლოდ განცხადებები, რასაც ხშირად ვისმენთ, მათ შორის კანცლერისგან, არამედ რეალური ქმედებები, რისი ნაკლებობაცაა და რაც ჩვენი პრობლემაა, მათ შორის სანდოობის მხრივ. ამერიკელები, მიუხედავად იმისა, რომ მეტი შეუძლიათ, მაინც ბევრს აკეთებენ. ბრიტანელებიც ასევე. ყველა ჩვენს აღმოსავლეთ ევროპის წევრ სახელმწიფოს კარგად ესმის, თუ რა დევს სასწორზე და აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. გერმანია, ამ მხრივ, ბევრს აკეთებს ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებითა და რეფორმებით, მაგრამ, ჩვენ უკეთ უნდა გავაცნობიეროთ ვითარება და მე, პირადად მრცხვენია, რამდენად ჩამოვრჩებით ჩვენს რეალურ პოტენციალს.” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
კრამონმა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ პრობლემები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
“ჩვენ ძალიან სუსტი ვართ სტრატეგიულ კომუნიკაციაში არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით, ხშირად გვესმოდა, რომ ადამიანები დასავლური სანქციების გამო იტანჯებიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ არ იყო აქტიური კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან, რათა ავუხსნათ ღარიბ, ყველაზე დაუცველ ადამიანებს, რა არის სიმართლე და რატომ მოხდა, რაც მოხდა და ჩვენ ვკარგავთ ქვეყნებს, ვკარგავთ ქვეყნებს, სახელმწიფოებს, რომლებიც თავიდან მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობას იჩენდნენ, მაგრამ შესაძლოა, შეიცვალეს კიდეც დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან და ერთგვარი თანაგრძნობაც კი გაუჩნდათ რუსული ნარატივის მიმართ“, – აღნიშნა კრამონმა.
ცნობისთვის, საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას“ იმართება. კონფერენციას ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები, ქართველი პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება საქართველოში უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით იმართება.