(ACCnews)”ჩვენ ვაგრძელებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მხარდაჭერას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, როდესაც პირობები შესრულდება,”- ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ბუქარესტში, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ საქართველოსა და ქართველების მიმართ გვაქვს ძალიან ძლიერი და თბილი გრძნობა, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვდგავართ ერთმანეთთან აზროვნებით, მიზნებით. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენ ვაგრძელებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მხარდაჭერას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, როდესაც პირობები შესრულდება.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ მიზანს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლახან, საქართველოს პრეზიდენტის ბუქარესტში ვიზიტის დროს გავზარდეთ ურთიერთობის დონე და სტრატეგიული პარტნიორობის დონე საქართველოსა და რუმინეთს შორის“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.