(ACCnews) აშშ-ის კოსმოსური ტექნოლოგიების კერძო კომპანია, Maxar Technologies-ი სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მასობრივი საფლავებია გათხრილი.
მათივე ინფორმაციით, ფოტოებით, რომლებიც 31 მარტსაა გადაღებული, საფლავები ეკლესიების ტერიტორიებზეა გათხრილი. თხრილები, სადაც მოკლულებს მასობრივად კრძალავენ, დაახლოებით 13 მეტრის (45 ფუტი) სიგრძისაა.
Maxar Technologies-ის ცნობით, მასობრივი საფლავების გათხრა პირველად 10 მარტს დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ ბუჩაში უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. მისი თქმით, დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში.
როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ნაპოვნი ცხედრების მიხედვით ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულია ჩადენილი, რადგან პირდაპირი იერიშია მიტანილი მშვიდობიან მოქალაქეებზე.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.