(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინაში ელჩად ბრიჯეტ ბრინქის კანდიდატურა დაამტკიცა.
როგორც „სიენენი“ წერს, ბრინქი კარიერული დიპლომატია და მანამდე ის სლოვაკეთში აშშ-ის ელჩად მსახურობდა.
უკრაინაში აშშ-ის ელჩის პოზიცია ვაკანტური 2019 წლიდან იყო, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მარი ივანოვიჩი, მისი ადვოკატის რუდი ჯულიანის მოთხოვნით, უკან გაიწვია.
ცნობისათვის, ბრინკი 2019 წლიდან დღემდე სლოვაკეთში ამერიკის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს. მანამდე, 2015 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, უეს მიტჩელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებზე უმუშაობდა. 2011 წლიდან 2014 წლამდე კი ბრინკი საქართველოში ელჩის (რიჩარდ ნორლანდის, მანამდე კი ჯონ ბასის) მოადგილე იყო. იქამდე, კი თბილისში 2005-2008 წლებში, ჯონ ტეფტის დიპლომატიური გუნდის წევრი იყო, პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. იყო ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც.
სლოვაკეთში ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნამდე უცხოურ მედიაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში ელჩის პოზიციაზე განიხილებოდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მისი კანდიდატურა დაიწუნა. ამის მიზეზად კი ის სახელდებოდა, რომ მას თითქოსდა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება ჰქონდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მმართველმა გუნდმა ეს ცნობები უარყვეს და თქვეს, რომ ეს „სპეკულაციური ინფორმაციაა“ და შეერთებული შტატების ელჩის პოზიციაზე ბრინკის დამტკიცება ქართულ მხარეს არასდროს დაუბლოკავს.
საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულუფლებიანი ელჩი 2018 წელს იან კელის მისიის ამოწურვიდან 2020 წლამდე არ ჰყავდა. საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში მაშინაც და ახლაც, ამბობენ, რომ თუკი ბრინკი საქართველოს მთავრობამ მართლაც დაიწუნა, ეს დიდი შეცდომა იყო, ერთი მხრივ მისი პროფესიონალიზმის, მეორე მხრივ კი იმის გამო, რომ ყველას უნდა ესმოდეს: ამერიკის ელჩის მისია ქვეყნის მხარდაჭერაა, და არა – ამა თუ იმ კონკრეტული მმართველი ძალის.