(ACCnews) შევხვდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენ უნდა გადავხედოთ, თუ როგორ ვმუშაობთ „აღმოსავლეთ პარტნიორებთან“, რადგანაც სამი ქვეყანა გახდა კანდიდატი და ერთი არის ძალიან შორს ევროკავშირისგან, მე ვგულისხმობ ბელარუსს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, ბორელის თქმით, ის რთული იქნება, რადგან დღის წესრიგშია ირანის საკითხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის.
“აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხზე არსებობს ერთგვარი დაბნეულობა. როდესაც მე და კომისია ვაცხადებთ სანქციებს, ეს მხოლოდ წინადადებებია და გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და 27 მინისტრს განსხვავებული მიდგომა აქვს. ასე რომ, წინადადებები არ არის გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იქნება, რადგან არსებობს სხვადასხვა ხედვა წევრ ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, დღევანდელი მინისტერიალი აღმოსავლეთ პარტნიორებთან არის პირველი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და სასაუბრო ბევრია.