(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ოცეულის სამიტზე რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გეგმავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ასეთი შეხვედრისა და მოლაპარაკებების პირობები ჯერ კიდევ არ არსებობს, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აგრძელებს.
„ვისურვებდით, რომ რუსებმა მოგვცენ ორმხრივი შეხვედრის ჩატარების მიზეზი. მაგრამ, ჯერჯერობით, ერთადერთი, რასაც მოსკოვიდან ვხედავთ, უკრაინის მიმართ უფრო სასტიკი აგრესიაა“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ცნობისათვის, 7-8 ივლისს ინდონეზიაში დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. მიუხედავად ვაშინგტონის მცდელობისა უზრუნველყოს მოსკოვის საერთაშორისო იზოლაცია უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, ინდონეზიის ხელისუფლებამ მოიწვია რუსეთის წარმომადგენელი.
France-Presse-ის ცნობით, პრაისმა თავი აარიდა პასუხის გაცემას კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრების ოთახის დატოვებას, თუ ლავროვი იქ გამოჩნდება.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციასთან ჩვეულებრივი ბიზნესი შეუძლებელია, ვიმედოვნებთ, რომ სამიტი ძირითადი მისიის ერთგული დარჩება“, – თქვა მან.
ბლინკენი და ლავროვი ბოლოს იანვარში შეხვდნენ ჟენევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააფრთხილა, რომ რუსეთს ძალიან ფართომასშტაბიანი შედეგები მოჰყვება, თუ ის გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას.