(ACCnews) „აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოყვანილი დაახლოებით 250-ზე მეტი უკრაინელი მცველი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დონეცკის მახლობლად, ქალაქ ელენოვკაში გადაიყვანეს, მათი ბედი გაურკვეველია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროები შვიდი ავტობუსით გამოიყვანეს, ავტობუსებს რუსული კოლონა აცილებდა.
მედიის ინფორმაციით, რუსული მხარე აცხადებს, რომ 256 უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩაბარდა, მათგან 51 დაჭრილია. უკრაინის მთავრობა კი 264 ევაკუირებული სამხედროს შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელთაგან 53 დაშავებულია.
„როიტერი“ წერს, რომ ხუთი ავტობუსი რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ნოვოაზოვსკში ჩავიდა, რუსული მხარე ამბობს, რომ დაჭრილებს იქ უმკურნალებენ.
„როიტერის“ ცნობითვე, კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინმა პირადად გასცა გარანტიები, რომ დაშავებულებს საერთაშორისო სტანდარტებით უმკურნალებენ.
უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს რუს ტყვეებში გაცვლიან.