(ACCnews) შესაძლოა ჯულიან ასანჟი ამერიკული სასამართლოს წინაშე წარდგეს. Wikileaks-ის დამფუძნებლის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის დაზვერვის უმნიშვნელოვანეს მიმოწერებს და მონაცემებს ასაჯაროებდა, ლონდონის სასამართლომ აშშ-ში ექსტრადიციის განკარგულება გამოსცა.
საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა მიიღოს.
ასანჟის დაცვის მხარეს შეუძლია გადაწყვეტილება ლონდონის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივროს.
ცნობისათვის, Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა, მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა.
თითქმის 7 წლის განმავლობაში ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.
ასანჟი შიშობდა, რომ საელჩოს დატოვების შემთხვევაში, ბრიტანელი სამართალდამცველები დააკავებდნენ და აშშ-ს გადასცემენ, სადაც 2010 წელს გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისთვის გაასამართლებენ.
ჯულიან ასანჟზე ძებნა შვედეთს ჰქონდა გამოცხადებული, რადგან მას ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებასა და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება