(ACCnews) მარიუპოლში თეატრის დაბომბვისას რუსულმა ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, – ამის შესახებ ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაცია დოკუმენტურად ადასტურებს, რომ რუსულმა ძალებმა თეატრი განზრახ ამოიღეს მიზანში მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ტერიტორია ასობით მშვიდობიანი მოქალაქის თავშესაფარი იყო, მათ შორის ბავშვების. ორგანიზაციის თქმით, ეს არის აშკარა ომის დანაშაული.
ორგანიზაციამ გამოიკითხა მრავალი გადარჩენილი ადამიანი, შეაგროვა ვრცელი ციფრული მტკიცებულება და დაასკვნა, რომ თავდასხმა რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავების მიერ განხორციელდა.
„რამდენიმეთვიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათეულობით მოწმის გამოკითხვის შემდეგ ჩვენ დავასკვენით, რომ დაბომბვა იყო აშკარა სამხედრო დანაშაული, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ჩადენილი. ამ დაუნდობელი თავდასხმის შედეგად, ბევრი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. მათი დაღუპვა სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმით, რომ რუსულ ძალებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები გამიზნულად ჰყავდათ მიზანში ამოღებული. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და ყველა სხვამ, რომელთაც ამ კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე იურისდიქცია აქვთ, ეს თავდასხმა უნდა გამოიძიონ, როგორც ომის დანაშაული. ასეთი სიკვდილისა და ნგრევის გამოწვევაზე ყველა უნდა იყოს პასუხისმგებელი“, – განაცხადა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა.