(ACCnews) “სეპარატისტების ე.წ. პრეზიდენტის განაცხადი, სოხუმში ბელარუსის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით არის ღია სიგნალი და დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის მცდელობა, რათა მომავალში შეიქმნას ე.წ. ახალი კავშირი, სადაც ბელარუსთან ერთად ასევე იქნება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია სეპარატისტებთან და ახალ მოკავშირესთან ბელარუსთან ერთად, რომელიც ახალი მოკავშირეა სეპარატისტებისთვის და არა რუსებისთვის, იწყებენ აქტიურ მოქმედებებს აფხაზეთში.
ბელარუსი ყოველთვის აფიქსირებდა თავის პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ მას შემდეგ რაც ბელარუსი გახდა სეპარატისტების მოკავშირე, გვესმის ღია განცხადებები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. სეპარატისტთა დამნაშავე პრეზიდენტის ბჟანიას განცხადება, სოხუმში ბელარუსის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით არის სიტუაციის შემზადება, რის შესახებაც მე ბევრჯერ გავაკეთე მკვეთრი განცხადებები.
ყველაზე საგანგაშო სეპარატისტების დამნაშავე ლიდერის განცხადებაში არის, რომ ბელარუსი საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევით, დებს ფინანსებს აფხაზეთში, კერძოდ კი ოჩამჩირის რაიონში. ეს ნიშნავს, რომ ბელარუსის მთავრობის მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და გადაწყვეტილებებს, რაც არსებობს იმ კომპანიების სანქცირებასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით მუშაობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დაარღვიოს სიჩუმის რეჟიმი ბელარუსთან დაკავშირებით და გააკეთოს მკვეთრი განცხადებები, დაადგინოს თუ რა სახელმწიფო და კერძო კომპანიებია შესული ოკუპირებულ ტერიტორიებზე 50 მილიონიანი ინვესტიციით და დაიწყოს მათ წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედებები, მათ შორის მოხდეს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ამ კომპანიების საერთაშორისო სანქცირება.
ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის მცდელობა, რათა მომავალში შეიქმნას ე.წ. ახალი კავშირი, სადაც ბელარუსთან ერთად ასევე იქნება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამიტომაც დღეს მნიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ქმედების გატარება, რათა შემდგომში თუ გადაიდგა ასეთი ნაბიჯები, შესაძლებელი იყოს მკვეთრი რეაგირება და არსებობდეს სამართლებრივი საფუძვლები კრიმინალური ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს წინააღმდეგ,” – განაცხადა პაატა დავითაიამ.