(ACCnews) ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ქვემო ქართლს ესტუმრა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
მხარეებმა დიალოგის ფორმატში განიხილეს რეგიონის პოტენციალი, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებები და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები, რომლებიც ადგილზე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას და არაფორმალური განათლების მიღების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
საუბარი შეეხო პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევებს – მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. ასევე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და იმ ჰუმანიტარულ აქტივობებს, რომელიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის, მათ შორის ქვემო ქართლის მასშტაბით, აქტიურად ხორციელდება.
გიორგი დოხტურიშვილმა, ელჩს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუდმივად იქნება მხარდამჭერი ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის, რომელიც რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით განხორციელდება.