(ACCnews) ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. აღნიშნული განცხადება შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“დემოკრატიამ გაიმარჯვა. მთელი ეს გაზაფხული ფინეთის დემოკრატიის ტრიუმფი იყო”, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფინეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის შეტანას მხარი დღეს დაუჭირა. დღესვე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა NATO-ში წევრობის განაცხადს.
ცნობისთვის, 16 მაისს, შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ. 15 მაისს, ფინეთმა განაცხადა, რომ იგი ასევე აპირებს ნატოში გაწევრიანებას.