(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მომუშავე ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Chatham House-ის ონლაინ-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ რუსეთისთვის ენერგომატარებლების სანაცვლოდ ფულის გადახდა გაგრძელდება, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაკვეთენ რუსული ჯარები ევროკავშირის საზღვრებს.
როგორც ზელენსკიმ ამავე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთი ენერგეტიკიდან დღეში მილიარდ დოლარს იღებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საბოლოო ჯამში რუსულ ენერგომატარებლებზე სრულ ემბარგოს დააწესებს.
“არაა საჭირო, იყოთ ცოტათი კარგები და ცოტათი ცუდები, მარჯვენა ხელით აწესებდეთ სანქციებს, მარცხენა ხელით კი რუსეთთან ახალ კონტრაქტებს აფორმებდეთ. ეს ნამდვილად მიუღებელია ომის დროს. ეს ფარისევლობაა. თუ რომელიმე ენერგომატარებლის გარეშე არ შეგიძლიათ, თქვით, რომ ორ თვეში შეძლებთ, შეთანხმდით. არაა საჭირო ცალკეული ქვეყნების მხრიდან გამონაკლისების დაშვება, ერთიანად მოქმედებაა საჭირო. ამაშია გაერთიანებული ევროკავშირის მნიშვნელობა, ესაა ევროპული კავშირის აზრი,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.