(ACCnews) “უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას,” – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც “ბიბისი” წერს, უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ იძულებით პასპორტიზაცია მორიგი მტკიცებულებაა უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებრივი მიზნებისთვის, მიიტაცოს უკრაინის ტერიტორიები შემდგომში მათი ოკუპაციისა და რუსეთის სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ველში ინტეგრაციისთვის.
“ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკანონო პასპორტიზაცია, ისევე როგორც ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ასევე წარმოადგენს, რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ვალდებულებების – ჰააგის 1907 კონვენციის 45-ე მუხლისა და ომის დროს, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ 1949 წლის კონვენციის 47-ე მუხლის დარღვევას. რუსეთის პრეზიდენტის დადგენილება იურიდიულად ბათილია და სამართლებრივი შედეგები არ ექნება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.