(ACCnews) საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ემანუელ მაკრონმა უკრაინელი კოლეგისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისგან ინფორმაცია მიიღო მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის პროცესი გრძელდება.
“საფრანგეთის პრეზიდენტმა ინფორმაცია მიიღო უკრაინელი კოლეგისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის პროცესი გრძელდება. ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზაობა, უპასუხოს უკრაინის მიერ გამოთქმულ მხარდაჭერის ყველა მოთხოვნას, განსაკუთრებით თავდაცვის აღჭურვილობის, საწვავის, ჰუმანიტარული დახმარების, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მაკრონმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც საფრანგეთს შეუძლია უზრუნველყოს საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად,” – ნათქვამია საფრანგეთის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.