(ACCnews) “რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება რამდენიმე კვირაში მოხდება,” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ძალიან ბევრს მუშაობენ. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა უკრაინის რეკონსტრუქციისთვისაც აუცილებლად უნდა გადაიხადოს.
“ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ. რამდენიმე კვირის საკითხია, მაგრამ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი საინვესტიციო საჭიროებებისთვის. მაშასადამე, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა პუტინს არ ექნება ნავთობის მიღების საშუალება, რომ ის არ მოგვყიდის ნავთობს და შემდეგ უფრო მაღალ ფასად არ გაიტანს მსოფლიო ბაზარზე. რეკონსტრუქციისთვის ფინანსური დახმარების საჭიროება დიდია და ამისთვის ყველამ უნდა გადავიხადოთ, ისევე, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ამასთან, ერთადერთი სამართლიანი გზა იქნება, რუსეთმაც გადაიხადოს თავისი წილი. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ სამართლებრივ შესაძლებლობებს, რათა გავყინოთ რუსული აქტივები ამ მიზნით. ეს არ არის მარტივი სამართლებრივი კუთხით, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ”. – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსეთის ნავთობზე დაგეგმილი ემბარგოს აქტიური მოწინააღმდეგეა.