(ACCnews) რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მიმართ “სანქციებით შეპყრობილი” პოლიტიკის გაგრძელება ყველაზე რთულ და შეუქცევად შედეგებამდე მიიყვანს ევროკავშირის მოქალაქეებს და მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს.
როგორც ვლადიმერ პუტინმა ამავე შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები მათ დამწესებელ ქვეყნებს ურტყამს და გლობალური კრიზისის პროვოცირებას იწვევს. მისივე განმარტებით დაწესებული სანქციების გამო, რიგ სახელმწიფოებში შესაძლო შიმშილზე, დასავლეთის ქვეყნებია პასუხისმგებელი, რომლებიც “მზად არიან დანარჩენი მსოფლიო თავიანთი დომინირებისთვის გაწირონ.”
“ეს სანქციები დიდწილად გლობალურ კრიზისს იწვევს. მათი ავტორები, რომლებიც ახლომხედველი, გაბერილი პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით ხელმძღვანელობენ, უფრო მეტად საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, მოქალაქეების კეთილდღეობას ურტყამდნენ,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, მისი ქვეყნისთვის დაწესებული სანქციები უპირველეს ყოვლისა, ევროპაში ინფლაციის მკვეთრი მატებიდან ჩანს, როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ის უკვე მიუახლოვდა წლიურ 20%-ს, მთლიანობაში ევროზონაში საქონლის ფასებმა 11%-ზე მეტი მოიმატა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის მიმართ მკაცრი ეკონომიკური სანქციების პაკეტები აამოქმედა.