(ACCnews) “მოვუწოდებ საქართველოს, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს ომის დანაშაულებზე,” – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ილია დარჩიაშვილისთვის გაგზავნილ წერილში ამბობს.
ენტონი ბლინკენი ამავე წერილში ამბობს, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და აშშ გვერდიგვერდ იბრძოდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად.
“შეერთებული შტატები გმობს საქართველოს განგრძობად ოკუპაციას რუსეთის მიერ და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებზე”, – ამბობს ენტონი ბლინკენი წერილში, რომელსაც საზოგადოებრივმა მაუწყებელი ავრცელებს.